5 წლის განმავლობაში, ქვეყანის კურორტების კეთილმოწყობისთვის ₾1 მლრდ დაიხარჯება – ლევან დავითაშვილი
- ეკონომიკა
- დეკემბერი 7, 2023
- 103
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები” გახსნა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოში კურორტების განვითარების საჭიროებასა და ამ სექტორის პოტენციალის მაქსიმალურად და სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა.
„კურორტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ტურისტული პოტენციალის განხორციელების კუთხით. ვხედავთ, რომ ძალიან დიდია ინტერესი და საზოგადოების სხვადასხვა წრის ჩართულობა. საქართველოს დიდი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ ძველი კურორტები და განვავითაროთ ახალი საკურორტე ადგილები, იმისთვის, რომ საბოლოოდ უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ ტურიზმის სექტორში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფო, კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. სსიპ „კურორტების განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა მათ საქართველოს საქართველოში ამ ინდუსტრიაში არსებული სურათი და სააგენტოს საქმიანობის მთავარი ასპექტები და გეგმები გააცნო. კონფერენციის ფარგლებში ორი თემატური სესია იმართება: კურორტების მდგრადი განვითარება: ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივები; კურორტების განვითარების სოციალური და ეკონომიკური შედეგები.
„იმისთვის, რომ ამ სექტორის განვითარება იყოს გეგმაზომიერი, თანმიმდევრული და მდგრადი და იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ის შეცდომები, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ზოგიერთ ტურისტულ ლოკაციაზე გვქონდა, მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წელს შეიქმნა ახალი, „კურორტების განვითარების სააგენტო“ კონკრეტული ფუნქციით – მოხდეს არსებული და ახალი კურორტების განვითარება შესაბამისი სივრცითი გეგმების საფუძველზე და ასევე გათვალისწინებული იქნას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი, მათ შორის სოციალური, კულტურული და ა.შ.“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
ერთი წლის განმავლობაში სააგენტომ 200-ზე მეტი კურორტის და საკურორტე ადგილის არსებული მდგომარეობა შეისწავლა. შედეგად, შერჩეულ იქნა 60 შედარებით მეტი პოტენციალის მქონე ლოკაცია, სადაც საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიების მიერ ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები ჩატარდა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს ხანებში იგეგმება ცალკე სამუშაო შეხვედრა ბიზნეს სექტორთან, სადაც მათ ამ კონკრეტული ლოკაციების საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის საშუალება ექნებათ.
ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინტერესების სწორად გათვალისწინება, შესაბამისად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება და დაბალანსება კერძო სექტორთან სწორი თანამშრომლობის გზით.
„კურორტების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს აქტიური პოლიტიკა, ასევე კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა სტრუქტურებსა და ეკონომიკის სამინისტროს ქვეუწყებებს შორის. ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა – მიმდინარეობს რეგიონების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები. ამასთან, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 5 წლის განმავლობაში მილიარდი ლარი დაიხარჯება ქვეყანაში კურორტების კეთილმოწყობის, მათი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, მათ შორის ბორჯომში, წყალტუბოში და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს კომპლექსური მიდგომა და სტრატეგია კურორტების განვითარების კუთხით, გავითვალისწინოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება “, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
bp.ge